არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვის“ 2010 წლის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთიდან და ე. წ.  სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების ადვოკატირებას. ორგანიზაციას ჰყავს ასობით ასოცირებული წევრი და გამოხატავს 50-მდე თანამოაზრე ორგანიზაციისა და 400 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირის შეხედულებებსა და ინტერესებს.

ორგანიზაციის მშვიდობიანი მანდატი ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ჟენევის კონვენციებსა და მათ დამატებით ოქმებს, ლტოლვილთა სამართალსა და გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს იძულებით გადაადგილების შესახებ.

“კოალიცია სამართლიანობისათვის” მიიჩნევს,  რომ:

  • ეთნიკური წმენდა არის გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან 400 000-ზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილების უმთავრესი მიზეზი; ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეთნოწმენდა არ არის უბრალოდ ომის შედეგი, არამედ წარმოადგენს აფხაზეთსა და ე. წ.  სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების წარმოების ერთ-ერთ მთავარ მიზანს. ასევე ვამტკიცებთ, რომ ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის პოლიტიკა დღესაც გრძელდება ერთადერთი მიზნით – ეთნიკური ერთგვაროვნების მისაღწევად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად;

  • რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს საქართველოში იძულებით გადაადგილების გახანგრძლივების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან მიმართებაში ორმაგი როლი აქვს: ერთის მხრივ, ის არის კონფლიქტის მხარე და ოკუპანტი; მეორეს მხრივ - მშვიდობის მედიატორი. აღნიშნული კონფიგურაცია წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაწყვეტისა და დევნილთა დაბრუნების ერთ–ერთ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს.

  • საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა თავისთავად გულისხმობს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში დევნილთა უპირობო, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. დაბრუნება დევნილთა ფუნდამენტური უფლებაა და იძულებით გადაადგილების პრობლემის გადაჭრის ყველაზე ლოგიკურ და მიზანშეწონილ გზას წარმოადგენს. დაბრუნება, დევნილთა ინტეგრაციის პროცესის ყველაზე სამართლიანი ალტერნატივაა.
 

აფხაზეთსა და ცხინვალის |რეგიონში ქართველთა |ეთნოწმენდამ 20 000 |ადამიანი იმსხვერპლა

უკვე 20 წელია |ილახება დევნილთა |საკუთარ მიწაზე |დაბრუნების უფლება

2010 წლის გამოკითხვით, |დევნილთა 86% სურს |აფხაზეთში, საკუთარ |სახლებში დაბრუნება





maps