კოალიცია სამართლიანობისათვის დაბრუნების უფლების შესახებ დევნილებთან შეხვედრებს განაგრძობს
კამპანია ”მინდა დავბრუნდე”-ს ფარგლებში კოალიცია სამართლიანობისათვის განაგრძობს დევნილების დაბრუნების უფლებაზე მრგვალი მაგიდის სერიების მასპინძლობას. ა/წ 27 დეკემბერს, კოალიციამ ევროპის სახლში დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა, რომელშიც თბილისის კომპაქტურ ცენტრებში დასახლებულმა 15-მდე აფხაზეთიდან დევნილმა მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრების მიზანია დაბრუნების უფლებისა და მისი განხორციელების პერსპექტივების ირგვლივ დევნილების დამოკიდებულებების შესწავლა, რათა შემდგომში მოხდეს მათი ასახვა შესაბამისი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს დევნილებისათვის ინფორმირებას დაბრუნების უფლების სამართლებრივი ასპექტებისა და დევნილების დაბრუნების საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
27 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე დევნილების აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ სათანადო მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში აუცილებლად დაბრუნდება აფხაზეთში. უმეტესობა, ამისათვის აუცილებელ წინაპირობად უსაფრთხოების გარანტიების შექმნას ასახელებს. დევნილებმა ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა კონფლიქტის მთავარ წყაროდ რუსეთის ფედერაციას ასახელებს და დეოკუპაციის შემთხვევაში აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას რეალურ პერსპექტივად მიიჩნევს.
გასულ კვირას კოდაში ”კოალიციამ სამართლიანობისათვის” დაბრუნების უფლების შესახებ კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, ამჯერად ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობასთან. ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის დაწყებას აუცილებლად მიიჩნევენ, ამასთან აღნიშნულის აუცილებელ წინაპირობად რეგიონიდან რუსეთის ჯარების გასვლას ასახელებენ. დევნილებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესვლის აუცილებლობის შესახებ, რომელიც მათი აზრით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უსაფრთხოებას რეგიონში.
დაბრუნების საკითხებზე დევნილებთან შეხვედრების გამართვას კოალიცია სამართლიანობისათვის 2012 წელშიც გეგმავს.



